
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა და კონკურსში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე - ლუკა დიდმანიძე წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაზე - „თიხის წიგნებიდან აუდიო-წიგნებამდე“ წარმატებით მონაწილეობდა.
კონფერენცია 23 აპრილს ჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა.
კონფერენციაში ასევე ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო და კერძო სკოლების 22 მოსწავლე მონაწილეობდა.
სალიბაურის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - ლუკა დიდმანიძემ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენება: „ონლაინრესურსებით წიგნისაკენ“ წარადგინა. მისი ხელმძღვანელი - მენტორი მასწავლებელი ხათუნა ხალვაში გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მას საინტერესო მოხსენებისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
ეს დღე, ასევე, წიგნის ჩუქების დღეცაა, ამიტომ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ - ინგა გოგიბერიძემ სპეციალური პრიზით, საკუთარი წიგნით დააჯილდოვა სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა დიდმანიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: