
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა, რომელსაც კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში: კალიგრაფია, ნახატის, პოსტერის, კედლის გაზეთის შექმნა, მხატვრული კითხვა და ესეს წერა.
სკოლაში ასევე ჩატარდა სადამრიგებლო საათი.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსში სამივე საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ისინი სკოლის დირექციამ წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: