რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიტიაცივით, დედამიწის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
25-04-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს რუისის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ინიცირებული პროექტი - „22 აპრილი დედამიწის დღე“, მოიცავდა ინფორმაციას დედამიწის წარმოშობის შესახებ -„ბიოგრაფიას“, მისი ბუნებრივი სიმდიდრეების მართვას ანუ „მდგრადი განვითარების“ გააზრებას და ამასთან ერთად, იმ ეკოლოგიური საფრთხეების გაცნობას, რომლებიც დარღვეული ბუნებრივი ბალანსის და ბიოლოგიური წონასწორობის შედეგად იქმნება დედამიწაზე.

„მოსწავლეებმა დაგვანახეს, რომ ეკოლოგიური პრობლემები სხვადასხვანაირად ვლინდება: გეოგრაფიული გარემოს გაუარესებით, ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ცოცხალი ბუნების დეგრადაციით და სხვ... გაგვაცნეს გადაშენების წინაშე მდგარი ფლორის და ფაუნის სახეობები. ასევე, დაგვანახეს პროექტის ფარგლებში აქტიური საგანთაშორისი კავშირები, როცა წარმოგვიდგინეს თუ რა პრობლემებს ქმნის ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის პესტიციდების არაგეგმაზომიერი გამოყენება სასოფლო სამეურნეო სავარგულების დამუშავების პროცესში და ამ ყველაფრის ფონზე მიღებული ადამიანთა გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამამხნევებელი და საიმედო უკუკავშირი მიიღეს პრეზენტატორებმა დამსწრე პედაგოგების და თანატოლებისაგან, რომელთა აქტიურმა ჩართულობამ დაგვანახვა პროექტის მიზნის მიღწევა, რომ პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეში უნდა, მოხდეს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და შემდეგ უკვე აქტიური მოქალაქეობრივი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება! პროექტის აქტიურმა მონაწილემ წამახალისებელი ჯილდო - ევროპის რუკა მიიღო! მადლობა, ჩვენო საყვარელო „ეკოაქტივისტებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203