ქუთაისის N45 რესურსსკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლება და სიმულაციური ევაკუაცია მოეწყო
24-04-2023

ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლება და სიმულაციური ევაკუაცია მოეწყო.

რესურსსკოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - ილია ხურციძემ და ლევან პაპაჩაშვილმა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. მოსწავლეებს მიეწოდათ ადაპტირებული ანიმაციები და ვიდეო მასალა, ბეჭდური რესურსები საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ. სწავლებას ასისტირებას უწევდა ქართული ჟესტური ენის თარჯიმანი ნინო გვილავა.

სწავლების შემდეგ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის სახანძრო სამაშველო ჯგუფმა ქუთაისის N45 საჯარო სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო სიმულაციური ევაკუაცია განახორციელა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან ბავშვებისა და სკოლის თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს. სწავლების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური საკაცით სკოლის შენობიდან „დაშავებულები" ჩამოიყვანეს.

სიმულაციურ ევაკუაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების დროს სკოლის აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

„ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, სადაც სენსორული ( სმენის) დარღვევვის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა უსაფრთხოებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების შეძენას. სკოლა მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. არაერთხელ მოეწყო მსგავსი სწავლებები სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე და სასწავლო სიმულაციური ევაკუაციები, რათა მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა გაიუმჯობესონ სხვადასხვა ინციდენტების დროს კოორდინირებული რეაგირების უნარები; სკოლას შემუშავებული აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, გამოყოფილია პასუხისმგებელი პირები. ამ ეტაპზე შსს-ს სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის რევიზია. მასწავლებელთა მიერ სკოლაში ინტენსიურად ტარდება კატასტროფების ნუსხიდან აღებულ თემებზე ინტეგრირებული გაკვეთილები წინასწარ არჩეული გეგმისა და რესურსების გამოყენებით: „მეწყერი“, „ძლიერი ქარი“, "გლობალური დათბობა“, ‘გვალვა“, „მიწისძვრა, „ხანძარი“. მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებზე და მათ  შედეგად დამდგარ მოვლენებზე, თუ როგორ დაიცვან თავი და გამოიჩინონ მზაობა რისკის შესამცირებლად. მოსწავლეები აანალიზებენ თითოეული ადამიანის როლს გარე სამყაროს მოვლა-პატრონობის საქმეში, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორზე არამხოლოდ გლობალური, არამედ ეკონომიკური კუთხითაც.  ამგვარი აქტივობების შედეგად კი, უმჯობესდება შშმ პირთა კომპეტენციები, უნარ-ჩვევები და ხელშეწყობილია მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია“,- ამბობს სკოლის დირექტორი ირინე აბდალაძე.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ღონისძიების განხორციელებისათვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203