
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
აღნიშნულ კვირეულში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა.
პირველკლასელებმა, პედაგოგ თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით, წიგნი - „ანბანთქება“ შექმნეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომლის ფასილიტატორი ლანა კაკაჩია იყო.
სკოლაში ესეების კონკურსიც მოეწყო, რომლის ფასილიტატორი - თამუნა სამუშია გახლდათ.
„მე-6 კლასის მოსწავლეებმა ასმათ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, ვეფხისტყაოსნის გმირები გააცოცხლეს, ხოლო კედლის გაზეთი დაამზადეს შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას დაწყებითი კლასების პედაგოგი, მე-2, მე-3 გაერთიანებული კლასების დამრიგებელი - ლანა კაკაჩია უძღვებოდა.
ამ დღის მნიშვნელობაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ასმათ კვარაცხელიამ ისაუბრა.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამსწრე საზოგადოება არ იყო პასიური მსმენელის როლში, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლაში გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული. ყველა მონაწილეს კი სიგელი და სამახსოვრო პრიზი გადაეცა.
მე-2 და მე-3 კლასელებმა კი როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს დღე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეული გრძელდება.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: