
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში დაწყებითი განათლების კათედრამ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოაწყო.
მის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხორციელდა. ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოება მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალია ფიდიურთან ერთად, აღაფრთოვანეს. გამართეს ღონისძიება, რომელიც პროექტის - „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“ შეჯამება იყო. მოსწავლეები გულმოდგინედ გაეცნენ ინფორმაციას დედაენის დღის შესახებ. მათ წარსულის მიმართ მოწიწება და პატივისცემა გამოხატეს, გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები, წარადგინეს მოძიებული ინფორმაცია, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
პროექტის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსი განხორციელდა, რომლის შედეგებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე გამოიფინა.
განსაკუთრებით აღინიშნა კლასის გაფორმება, რომელზეც მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა იზრუნეს. ღონისძიებამ, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, უდიდესი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
„აღსანიშნავია კოლეგების თანამშრომლობა და მონაწილეობა, განსაკუთრებით კი, მუსიკის პედაგოგ ინგა დადუნაშვილის დამსახურება. პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იყო მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, რაც უდიდეს პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: