ორლოვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
18-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

სკოლაში 10-13 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს ხელნაწერი ბარათები, წაიკითხეს ქართველი მწერლების ქართული ენისადმი მიძღვნილი გამონათქვამები. ბავშვებმა ასევე ქართული დამწერლობის შესახებ მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, მათ შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები - მარინა თათოშვილი, ჰრანუშ ეგოიანი და ირინა შეშაბერიძე ხელმძღვანელობდნენ.

„მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის“,  - აღნიშნავენ პედაგოგები.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203