ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს
13-04-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ, რომელიც ტიტებით შეამკეს.

მათ ასევე მემორიალთან სანთლები დაანთეს, სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ შეასრულეს და  დაღუპულთა ხსოვნას პატივი ასე მიაგეს. 

"ჩვენ გვახსოვს გმირები, დიდება სამშობლოს შეწირულ გმირებს“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული აქტივობის მიზანი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა სახელების უკვდავყოფა იყო.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203