იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგთა ინიციატივით, ლამბალოს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
12-04-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის წარმომადგენელთა ინიციატივით, ლამბალოს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო სახის ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას ამ დღის მნიშვნელობა შეახსენა.

ღონისძიების ინიციატორები იყვნენ იორმუღანლოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მასწავლებლები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი ასევე ამ ბიბლიოთეკას აფინანსებენ და მომავალი თაობის წიგნებთან დაახლოებას უწყობენ ხელს.

„პედაგოგების ამ ინიციატივას მხარში დაუდგნენ და შეუერთდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის ქართული ენის მასწავლებლები“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს ორენოვანი ღონისძიება, რომლითაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინტეგრირებისა და ერთიანობის მნიშვნელობასა და სიძლიერეს.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას.

ასევე მოუსმინეს ორგანიზატორებსა და მოწვეულ სტუმრებს: საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლელა ფანოზიშვილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალექსი გილაშვილსა და მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალურ წარმომადგენელ გია თათრიშვილს.

„1989 წლის 9 აპრილი და 1990 წლის 20 იანვარი ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ერთი მიზნისთვის ბრძოლისა და ტკივილიანი გამარჯვებით მონაპოვარი დღეებია... 9 აპრილი - დღე, რომელიც დამოუკიდებლობის წინაპირობა გახდა. ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობა ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ და გმირებისათვის პატივის მიგების ტრადიცია ღირსეულად გადავცეთ მომავალ თაობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...