
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და აღნიშნულ დღეს დაღუპული გმირები გაიხსენეს.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, მაია ცერცვაძესთან ერთად, ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალს ეწვივნენ.
ბავშვებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და ხეებზე გაკრული ლექსები წაიკითხეს. მათ ასე მიაგეს პატივი აღნიშნულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას.
აღნიშნული აქტივობის მიზანი 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა სახელების უკვდავყოფა იყო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: