„მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ - ხონის N2 სკოლაში, სოციალური პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგსა და ბავშვთა ფსიქიატრს უმასპინძლეს
11-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში გრძელდება სოციალური პროექტი - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“.

4 აპრილს სკოლას ესტუმრნენ აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი თემურ ბრეგაძე და ბავშვთა ფსიქიატრი მარიამ გოგიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში პროექტის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე შესრულებული აქტივობების შესახებ.

შემდეგ, სპეციალისტებმა ძალიან საინტერესოდ და მრავლისმომცველად ისაუბრეს თემებზე: ლუდომანია, (ლუდომანია არის ადამიანის უკონტროლო, პათოლოგიური დამოკიდებულება სხვადასხვა აზარტული თამაშების მიმართ), ლუდომანია ავადმყოფობაა თუ მავნე ჩვევა?, ლუდომანია მოზარდებში, რატომ ერთვებიან მოზარდები აზარტულ თამაშებში?, რა ახასიათებს ლუდომანიას? როგორ დავიცვათ მომავალი თაობა?.

ასევე სტუმრებმა დაასახელეს - სასიგნალო სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ისაუბრეს პრევენციის გზებზე.

„სასიგნალო სიმპტომებია ბავშვებსა და მოზარდებში (ალკოჰოლი, მოწევა) - განსხვავებული, არასასიამოვნო სუნი, ქცევის შეცვლა, გაღიზიანება, ასოციალურობა, კვირის განმავლობაში ინტერნეტსა და ვიდეოთამაშებს უთმობს 20 საათზე მეტ დროს, ჩაწითლებული თვალები და ჯანმრთელობის სხვადასხვა ჩვეული ჩივილები (გრიპის მსგავსი ტკივილები, კუჭის აშლილობა და ა.შ). ძილის რეჟიმის დარღვევა, სკოლის მიმართ ინტერესის დაკარგვა, გაკვეთილების გაცდენა, ახალი მეგობრების გაჩენა, რომელთანაც ნაკლები ინტერესები აკავშირებთ, საღებავი ან სხვა ლაქები ტანსაცმელზე, ხელებზე ან სახეებზე, მარტოობის განცდა, დეპრესიული განწყობა, მავნე, დამაზიანებელი ქცევა, თვითდაზიანებებისკენ მიდრეკილება, აკვიატებული ქმედებები, კვების დარღვევები და სხვა. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს პრევენციის გზებზე, როგორიცაა აკრძალვები, სოციალური გარემოს მხარდაჭერა, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მედიკამენტოზური თერაპია, სტაციონარული მკურნალობა!“,- გვიყვებიან შეხვედრის დეტალებს სკოლაში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა და მშობლებმა, საუკეთესო სპეციალისტებისაგან, მიიღეს რჩევები მათთვის საინტერესო თემებზე.

შემდეგ სტუმრების რჩევით, მოსწავლეებისა და მშობლების სურვილით, აუდიტორია დატოვეს მშობლებმა და მასწავლებლებმა. უშუალოდ მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა გულახდილი დიალოგი.

სკოლაში სტუმრებს საინტერესო საგანმანათლებლო საუბრისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობას ვუხდით ბატონ გოჩა ბაკურაძეს ამ მეტად აქტუალურ და პრობლემურ თემებთან დაკავშირებით სკოლასთან თანამშრომლობისთვის. მადლობა ქალბატონ მარიამს, ბატონ თემურს გულისხმიერებისთვის, ყურადღებისთვის, პროფესიონალიზმისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203