ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ზღაპრულ სამყაროში „იმოგზაურეს“
10-04-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძესთან ერთად, შოთა რუსთაველის გენიალური შემოქმედება წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება „ვეფხისტყაოსნის“ ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში - „ვეფხისტყაოსანი და მიხაი ზიჩი“, მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეები, სალექციო ფორმატში გენიალური პოეტისა და მისი უკვდავი პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს გაეცნენ, სხვადასხვა საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს, მათთვის უცნობ ისტორიებს გაეცნენ და გაიგეს, თუ როგორ გაჩნდა იდეა - შეექმნათ პოემისთვის მრავალფეროვანი ილუსტრაციები.

ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ ვინ არის მიხაი ზიჩი და როგორ იქმნებოდა მისი ცნობილი ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსნისთვის“, შემდეგ პრაქტიკულ ნაწილში ჩაერთნენ, რომელიც გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს მოიცავდა.

მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები დაურიგდათ, რომელზეც დატანილი იყო პოემიდან თითო სტროფი მიხაი ზიჩის ილუსტრაციასთან ერთად, ასევე ქართული ასომთავრული ანბანი იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს, ტექსტი უნდა გადაეტანათ მხედრულიდან ასომთავრულ ფორმატში, რასაც საუკეთესოდ გაართვეს თავი და გიდების შექებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203