„იყო ცრემლი, ცრემლი სინანულისა და სიყვარულისა“ - იფარის საჯარო სკოლაში ტიციანობა აღინიშნა
07-04-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში ტიციანობა აღინიშნა, რომლის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ირმა ივანიაძე იყო. 

მეექვსეკლასელებმა აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ გაკვეთილზე მთელი სასკოლო საზოგადოება მიიწვიეს.

„დაფაზე დაიწერა 2 აპრილი და, თუმცა, 2 აპრილი წელს კვირა დღე იყო, მეორე დღეს სკოლაში მოსულმა, ყველაფრისათვის წინასწარ შემზადებულმა მე-6 კლასელებმა მთელი სკოლა, დიდი და პატარა, მოიწვიეს ტიციანობაზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პედაგოგის შესავალი სიტყვის შემდეგ ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიაზე მე-6 კლასის მოსწავლემ, ქეთევან კორძაიამ ისაუბრა. 

შემდეგ მეორე მოსწავლემ - ილია ხვისტანმა ​ტიციანის ფორმაში გამოწყობილმა, ტიციანის ლექსი „ლექსი მეწყერი“ წაიკითხა.

„დასასრულს,  მეექვსეკლასელმა ცისფერთვალება გოგონამ, ნინო გულბანმა წაიკითხა ქართული საზოგადოებრიობისათვის სრულიად უცნობი ლექსი - „შენ დაიბადე აპრილის თვეში“ (სესილიასი), სადაც იყო ცრემლი, ცრემლი სინანულისა და სიყვარულისა, ცრემლი სიკვდილზე გამარჯვების სიხარულისა, ტიციანის სულის უკვდავებისა, ტიციანის ჩვენთან ყოფნის და ჩვენი მასთან ყოფნის ბედნიერებისა!“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„გაზაფხულზე აფეთქებული ვაშლებისა და ალუბლების ულამაზესი ხელოვნური კვირტ-ყვავილები კი სულ თავიანთი ხელებით საგანგებოდ ჩვენთვის შექმნეს მე-7 კლასელებმა, ანასტასია ხვისტანმა და თამარ პირველმა, რისთვისაც გულითადად ვმადლობთ მათ“, - ამბობენ სკოლაში.

 ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, თეა მერლანმა.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეებს შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203