ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - ქალთა და დედის დღეები ყოფილა. სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და რესურსცენტრის უფროსი, დურმიშხან შავიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები - ეთერ სურმანიძე, ქეთევან ვაშაყმაძე და ირმა ბეჯანიძე იყვნენ.
„ქალი, ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი და თბილი, მომხიბვლელი და ნაზი. ადამიანები ქალთა და დედის დღეს კი განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას უნდა უძღვნიდნენ. ჩვენც, ჩვენებურად, მოკრძალებულად, გულწრფელად და დიდი სიყვარულით მოვეფერეთ მათ.
დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს. ასევე, კლასის ხელმძღვანელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების მომზადებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: