
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-8 და მე-9 კლასებში პედაგოგ ცირა კახაძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პედაგოგი გვიყვება, მე-8 კლასში მოსწავლეები საჭმლის მომნელებელ სისტემას გადიოდნენ, მე-9 კლასში რეპროდუქციულ სისტემას. პრეზენტაციების თემა კი სწორედ აღნიშნულ თემებს შეეხებოდა.
საგაკვეთილო პროცესში მე-10 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ.
„მე-10 კლასის მოსწავლეებს ვთხოვე წინა წელს შესწავლილი მასალა გაეხსენებინათ და მათაც ვთხოვე მონაწილეობა მიეღოთ“, - გვიყვება მასწავლებელი.
პრეზენტაციაში მონაწილე კლასები ჯგუფებად დაიყვნენ. მოსწავლეებმა პრეზენტაცია პლაკატებზე შესრულებული ნახატებით წარადგინეს. მათ ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ თემებზე ამომწურავი ინფორმაციები გააცნეს.
პრეზენტაციას მასწავლებლები და სკოლის დირექტორი - რამაზ ძირკვაძე ესწრებოდნენ.
„პრეზენტაციები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, შეაფასეს პლაკატებიც და პრეზენტაციებიც, ერთმანეთის და თვითშეფასების მეთოდით, გამოავლინეს გამარჯვებული პლაკატიც“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი გაკვეთილები და პრეზენტაციები მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: