თბილისის N219 სკოლამ დედის დღეს იმ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა, რომლებიც ამჟამად მოსწავლეთა მშობლები თავად არიან
06-03-2023
თბილისის N219 საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სკოლაში კურსდამთავრებულ დედებს უმასპინძლეს, რომელთა შვილები ამჟამად სკოლის მოსწავლეები არიან. 

შეხვედრა თბილი და საკმაოდ საინტერესო იყო. ყოფილი მოსწავლეები მასწავლებლების წინაშე უკვე მშობლის როლში წარდგნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით, ხალისითა  და ღიმილით დაიწყო.

სკოლის სააქტო დარბაზში სკოლის დირექტორმა შალვა ხუციშვილმა დედის დღე ყველას მიულოცა, მათ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან მათი მოსწავლეობის ხანა, რამდენიმე კურიოზი გაიხსენა. 

მასწავლებელთა გუნდმა - „ჰარმონიამ“ გალობით დაატკბო მსმენელი, უფლის სადიდებელმა სტრიქონებმა დამსწრე საზოგადოებას გული სითბოთი გაუვსო, პარალელურად ეკრანზე სლაიდის სახით გადიოდა დედის დღესთან დაკავშირებული სიტყვები, გამოთქმები და ჩანახატები.

„დარბაზში ისმოდა ტკბილი, სასიამოვნო ჰანგები, მოსწავლეთა სამადლობელი სიტყვები, ლექსები, შესრულდა რამდენიმე ცეკვა, სიმღერა, მართლაც, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა ეს შეხვედრა მშობლებისთბის, მათ კვლავ მოსწავლის ამპლუაში იგრძნეს თავი, ამაყობდნენ, რომ მათ მშობლიურ სკოლაში სწავლობენ მათი შვილები და ისინიც მათსავით უსაფრთხო გარემოში იზრდებიან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების დასასრულს ყველამ ერთად და ცალ-ცალკე გადაიღო სამახსოვრო ფოტო.

„ასე ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოში აღინიშნა დედის დღე ჩვენს სკოლაში! ყველა დედას ვუსურვებთ კვლავ გაზაფხულივით ლამაზი, კეკლუცი, თბილი და ტკბილი დედობა არგუნოს უფალმა, ამინ!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203