სავანეთის საჯარო სკოლაში თემაზე -„ციფრული უსაფრთხოება“, ტრენინგი ჩატარდა
01-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ის სხვადასხვა საინტერესო აქტივობითა თუ ღონისძიებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში ტრენინგი - „ციფრული უსაფრთხოება“ გაიმართა. მას მიწვეული ტრენერი ნინო შუბლაძე უძღვებოდა. ტრენინგი სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით მოეწყო. 

საინტერესო და ინფორმაციულ ტრენინგს მეშვიდე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პირველი ეტაპი ურთიერთგაცნობას დაეთმო, შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილდნენ. ტრენერმა „სლაიდი“ წარადგინა, განიმარტა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „დოქსინგ“, „ტროლი“, „ბოტი“, „სპამი“, „ქეთფიშინგი“, „ფლეიმინგი“, „ჰაკერი“, პერსონალური მონაცემების დაცვა, „კიბერულინგი“. ასევე ისაუბრეს რა იწვევს კიბერბულინგს, რატომ არის საჭირო საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვა, რა რეკომენდაციების გათვალისწინება არის საჭირო და ა.შ.

მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებთა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ უარი უთხრეს კიბერბულინგს და პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს. 

„მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტული სწავლება. სწორედ პროექტული სწავლებით მოსწავლე იძენს იმ უნარებს, რაც ცხოვრებაში გამოადგება, მოახდენს ცოდნის ტრანსფერს, პრობლემების კვლევას, იდენტიფიცირებას, გადაჭრას. სკოლის  დირექტორს ქალბატონ  ინგა მიქელაძეს სასკოლო სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მოსწავლეთა  საპროექტო მუშაობაში ჩართვა მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში SIQA საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო მცირე საგრანტო პროექტში გაიმარჯვა სავანეთის საჯარო სკოლამ, პროექტი დაფინანსდა, რის შედეგადაც გეგმაში გაწერილ აქტივობები ხორციელდება. 
ტრენინგზე განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო პრეზენტაცია, გუნდური მუშაობის შემდეგ  შექმნილი პროდუქტი, სადაც უარი უთხრეს კიბერულინგს.
აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია, მით უმეტეს ჭარბ ინფორმაციულ ეპოქაში, ასეთი ტიპის ტრენინგები, საუბრები, აქტივობები სწორედაც რომ დროულია. მოსწავლეებმა დროულად უნდა გააცნობიერონ საფრთხე, მიიღონ პრევენციული ზომები, რათა აიცილონ სუიციდის მცდელობები, გონივრულად მიუდგნენ გამოწვევას, საღი გონებით გადაჭრან პრობლემა, ჰქონდეთ  მეგობრული ურთიერთობა მშობლებთან, პედაგოგებთან, იყვნენ გახსნილები, არ დამალონ წუხილი, დარდი, რადგან სწორი მიართულება, მეგობრული რჩევა და რეკომენდაცია მათ მრავალ განსაცდელს აარიდებს თავიდან“,- აღნიშნავს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203