
ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, დემეტრე ტარიელაძემ თავის გამორჩეულ და საყვარელ პედაგოგ გულო ბასილაძეს, ლექსი დაუწერა.
„გაზაფხული მოსულა,
აყვავილდა ია,
გულო მასწავლებელო
თქვენით მიხარია.
მზე, ია და ენძელა
სიყვარულით თრთიან
თქვენ კი, ჩემი გულის
გაზაფხული გქვიათ“.
როგორც პედაგოგი გვიყვება, დემე განსაკუთრებულად თბილი, გულწრფელი და სიყვარულით სავსე ბიჭია. მისმა საჩუქარმა მასწავლებელი ძალიან გააბედნიერა.
„პარასკევი დღეა... დემე გახარებული მეუბნება -,,გულო, მას. მინდა თქვენზე ლექსი დავწერო’’. ვუპასუხე, რომ ძალიან გამახარებდა და გულში ჩავიკარი. სამშაბათს მეუბნება, რომ თქვენზე დაწერილ ლექსს წაგიკითხავთო.
ჩავიხუტე და აჩქარებული გულისცემით დაველოდე, როდის წაიკითხავდა ...
წაიკითხა ისე ომახიანად, როგორც ჩვევია... ემოციით, სიყვარულით, გაღიმებული. გაკვირვებული და თან აღფრთოვანებული შევცქეროდი ამ გულწრფელი სიყვარულით სავსე ბიჭს, რომელმაც გაზაფხული ასეთი საოცარი ლექსით მომილოცა. შეუძლებელია არ გიყვარდეს, არ ენდობოდე, არ გრძნობდე მათი თვალებიდან გადმოღვრილ სითბოს, რომელიც წელიწადის ყველა დროს გათბობს და არასოდეს გაქრება.
დემეტრე ტარიელაძე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბიჭია“- გვიყვება პედაგოგი.