ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიებები ძევრის საჯარო სკოლაში
28-02-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება. ამჯერად, სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები მოეწყო.

ღონისძიებაზე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ - ვოვა ფანჩულიძემ აღნიშნულ თემატიკაზე საინტერესო ლექცია ჩაატარა. მან გაიხსენა ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური, რუს- ოსმალო ოკუპანტებთან დაუღალავი მეომარი - ვალოდია გოგუაძე და მისი ღვაწლი.

„102 წლის წინ თებერვლის ასეთივე ცივ და სუსხიან დღეს, ჩვენი დიდებული წინაპრები უთანასწორო ომში იცავდნენ საქართველის დამოუკიდებლობას. დღეს, მათი გმირობისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასკოლო საზოგადოებამ ფეხზე დგომით მოისმინა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, მანუჩარ ფანჩულიძე.

ღონისძიებაზე სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და პატივი მიაგეს თებერვლის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

მათ ასევე 1921 წლის 23 თებერვლის შესახებ გადაღებულ ფილმს უყურეს, სადაც ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებს იარაღის ხელში აღებისკენ და მტერთან ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

„ჩვენ კარგად ვიცით რას ფიქრობდა 19 წლის მარო მაყაშვილი სანამ ყუმბარის ნამსხვრევი გულს გაუგლეჯდა ან შმაგი სოფრომაძე, დემეტრე თავდადებული, შალვა ახალციხელი სიკვდილის წინ ან ქეთევან დედოფალი ან ილია ჭავჭავაძე, გიორგი ანწუხელიძე ალია ბარდაველიძე, არაგველები, დიდგორელები, მარაბდელები, მარტყოფელები, შამქორელები, ბასიანელები, გარნისელები, ხრესილელები, ერწუხელები ან რას ფიქრობდა ფარნავაზი და ქუჯი, აღმაშენებელი, გორგასალი, და ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბერი თევდორე...ათასობით სახელიანი თუ უსახელო გმირი რომელთა სახელი ისტორიის ბედუკუღმართობამ ვერ შეინახა...ფიქრობდენ და ნატრობდენ იმას რომ საქართველო არასდროს მომკვდარიყო. დიდება გმირებს! ამინ! არასდროს შეგარცხვენთ! - დავჭექეთ როგორც შევძელით“, - აღნიშნავს დირექტორი, მანუჩარ ფანჩულიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას უკეთ აცნობს და მათ ცნობიერებასა და ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203