წყაროსთავის საჯარო სკოლაში, პროექტის - „სიცოცხლის პირამიდა“ ფარგლებში, მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
23-02-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში პროექტი - „სიცოცხლის პირამიდა“ ხორციელდება.
21 თებერვალს, სკოლაში ჩატარდა სასკოლო პროექტის ფარგლებში დადეგმილი მორიგი აქტივობები : „შეხვედრა ექიმთან“, „პოსტერების კონკურსი“, მოსწავლეების მიერ მომზადებული თემის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მოსმენა-განხილვა. შეხვედრას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებაზე მიიწვიეს სოფლის ამბულატორიის ექიმი ზაირა დათუნაშვილი. მან საინტერესოდ ისაუბრა ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე და ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.
ბიოლოგიის მასწავლებელი კი სასკოლო საზოგადოებას ესაუბრა „კვებით შუქნიშანზე“ და „სწორი კვების თეფშზე“, ასევე მოსწავლეებთან ერთად შექმნილი ნამუშევრები წარადგინა.
მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გაგნიაშვილმა წარმოადგინა თემა - „ ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომელიც საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ერთობლივად დაამუშავეს.
შეხვედრის ბოლოს სხვადასხვა კლასმა თემატური პოსტერები გამოფინა, ჟიურიმ დადებითად შეაფასა ყველა კლასის ნამუშევარი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ პოზიტიურ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.