
რუსთავის N4 საჯარო სკოლაში პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლებში“ ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა ჯგუფი - მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და დირექცია ესწრებოდა.
საგანმანათლებლო ღონისძიების მონაწილეებმა მოსწავლეთა ჩართულობის მიმართულებით, სკოლაში დემოკრატიული კულტურის „SWOT-ანალიზი“ გააკეთეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - მოსწავლეთა მონაწილეობა კოლეგიალური ორგანოების საქმიანობაში, კლასის და თემის ცხოვრებაში.
პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს მიდგომებს სამოქალაქო განათლების საკითხებში: ცოდნის, უნარების, ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ერთიან ხედვას.
„სკოლა იმედოვნებს, რომ გაძლიერდება მოსწავლეთა ჩართულობა ახალგაზრდობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დემოკრატია ნამდვილად იწყება სკოლიდან - დემოკრატია იწყება შენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტს - „დემოკრატია იწყება სკოლებში“ ევროპის საბჭო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები: