კალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი ლამპრობის დღესასწაულის შესახებ გვიყვება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციული დღესასწაულების შესახებ ბევრი იციან. რამდენიმე დღის წინ სვანეთში ლამპრობა გაიმართა, რის შესახებაც მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი წერს. ის დღესასწაულის ისტორიას ყვება და მის მიმდინარეობას აღწერს.
„პირველი ინფორმაცია ლამპრობის შესახებ, როგორც ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად, "ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება. ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) მთელ საქართველოში გავრცელებული წარმართულ-კულტური ტრადიცია ყოფილა, თუმცა რიტუალს პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეუნარჩუნდა და უკავშირდება მირქმის ქრისტიანულ დღესასწაულს..
ლამპრობისთვის სვანეთში საგანგებოდ ემზადებიან: არყის ხისგან გამოთლილ „სანთლებს“ - წინასწარ ღუმელზე აშრობენ. „სანთელი“ პირველ რიგში იმდენი იჭრება, რამდენი ქუდის „დამხურავი“ - ანუ მამაკაცია სახლში... ხოლო შემდეგ მას ოჯახიდან იმქვეყნად წასულების სახელზე გამოთლილი „სანთლებიც“ ემატება.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მაშინ როცა აქ ბევრი იყვნენ, ბავშვების ჟივილ-ხივილი ავსებდა ეზოებს. ისინი ყოველ ოჯახში შედიოდნენ ლოცავდნენ მათ, მიცველებულებს იმქვეყნიურ სიმშვიდეს უსურვებდნენ და იქაც და აქაც - მასპინძლებს და მათგან წასულებისთვის კეთილდღეობას სთხოვდნენ უფალს... მადლიერი მასპინძლები „მიმლოცველებს“ ათასი ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ, მეტიც, თან ატანდნენ და საგანგებოდ მოტანილი ზურგჩანთები ივსებოდა ხორაგით, რომელიც ბოლოს პატიოსნად ან ნაწილდებოდა, ან იქვე მიირთმევდნენ პატარები, რომლებსაც ხანდახან უფროსები ხვდებოდნენ და „ხორაგის წართმევის ცერემონიალი“ იმართებოდა... უფრო ხშირად ბავშვები იმარჯვებდნენ, მათი ხელიდან ზურგჩანთის წართმევა შეუძლებელი ხდებოდა და თუ მაინც მოერეოდნენ, ბოლოს, ცხადია, უკანვე უბრუნებდნენ „დამარცხებულებს“, რომელთა ძლიერების „გამოსაცდელადაც იმართებოდა ის „შერკინებაც“... ამ დღეს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა, მოლხენა და მხიარულება საყოველთაო იყო.
ამ სურათებზე კალის სოფელ-უბან დაუბერსი ლამპრობის აღნიშვნაა ასახული“,- წერს მოსწავლე გიორგი მარგველანი.
იხილეთ ფოტოები: