„იმედია, წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი იქნება!“-ბათუმის N4 სკოლის სპეცპედაგოგმა, ლალი ჯაფარიძემ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა
02-02-2023

ლალი ჯაფარიძე ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების უფროსი სპეციალური მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად, პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნა. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“- ამ სლოგანით ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის რესურსოთახში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა წაიკითხეს ადაპტირებული ტექსტები. მახინჯაურის
სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს ილუსტრირებული წიგნი, წარწერით - ჩემი წიგნი. ეს აქტივობა, როგორც პედაგოგი აღნიშნავს მათთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.

„ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს სსსმ მოსწავლეებში კითხვის უნარის განვითარებისთვის მასალის ადაპტირებაზე და ვითვალისწინებ მათ ინტერესებს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რესურსოთახში მუშაობის დროს გააფერადეს ნახატები და კონტურებს გაუკეთეს წარწერები. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანატოლებს ჯეფ კინის წიგნიდან - „წრიპა ბიჭის დღიური“ ხმამაღლა წაუკითხა ერთი აბზაცი. პატარებისთვის მეგობრის წაკითხული ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

„იმედია, ყველა ბავშვს ეყვარება კითხვა და წიგნი იქნება მათი საუკეთესო მეგობარი! ჩვენი სურვილიც ხომ ესაა და დღევანდელი დღის მიზანიც!“,- დასძენს სპეციალური მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203