
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სიახლეებს ფეხს წარმატებით უწყობს, იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და აქტივობა.
ამჟამად სკოლაში პროექტი - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მიმდინარეობს.
პროექტს შვედური ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი შეზღუდული შესახლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლაა. პროექტი „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება.
მასში მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. გაიმართა პირველი შეხვედრა და პირველი აქტივობა, კლასებისთვის ინდივიდუალური პროექტის გეგმა შეიქმნა. მათ კიდევ ერთხელ წაიკითხეს „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ისაუბრეს პატივისცემაზე, დემოკრატიაზე, ადამიანობაზე, ტოლერანტობაზე და ა.შ.
„განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით ბავშვებს ჯანსღი ღირებულებები უყალიბდებათ. ხშირად ვსაუბრობთ ფასეულობებზე, ტოლერანტობაზე, თანამედროვეობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად განსხვავებულ ადამიანებს უჭირთ საზოგადოებაში თვითდამკვიდრება. ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან. ისინი მათ უფროსებისგან იძენენ. საღად მოაზროვნე საზოგადოება მიესალმება მრავალფეროვნებას. უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ იმის დაფასება, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ვინც ამ ღირებულებებს ვიზიარებთ, უნდა გადავცეთ შვილებს მოსწავლეებს და ვასწაბლოთ მათ მისი დაფასება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: