„ჩემთვის პედაგოგი პროფესია ბავშვების უპირობო სიყვარულს ნიშნავს“- თამუნა ქორიძე, ნოღისა და ჭოგნარის საჯარო სკოლების მასწავლებელი
09-12-2022
დღეს გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღისა და ჭოგნარის საჯარო სკოლების მასწავლებელ თამუნა ქორიძესთან. ის ორივე სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგია, რომელიც შეყვარებულია თავის პროფესიასა და მოსწავლეებზე.
- თქვენი საყვარელი ფრაზა ...
- ცა არის ლიმიტი ( ადამიანს - ბავშვს ყოველთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როდესაც მოინდომებს და ვთვლი მხოლოდ ცა არის ლიმიტი)
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- ბავშვების უპირობო სიყვარულს, სითბოსა და მათ მოციმციმე თვალებს.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- პოზიტიური დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. საუბარი და ახსნა, როცა რაიმეს დააშავებენ და არა ჩხუბი.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს ...
- იშრომე და ყოველთვის მიაღწევ მიზანს.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- როდესაც გაქვს ბავშვის ფსიქოლოგიასთან შეხება. შესაძლებელია მასწავლებლის ერთმა სიტყვამაც კი დიდი კვალი დატოვოს ბავშვზე, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენო მას ან დიდი მოტივაცია მისცე, რომ ცხოვრების სირთულეებს ამაყად შეხვდეს.
- მოტივაციას მაძლევს...
- ბავშვების გაღიმებული და მოსიყვარულე სახეების ცქერა.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- გაკვეთილზე, როდესაც მოსწავლეები მაქსიმალურად არიან გაკვეთილში ჩართულნი და ვხედავ, რომ ინტერესით აღსავსე თვალებით მიყურებენ და მისმენენ.