ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი აქტივობებით გააცილეს
05-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის შესაბამის გარემოს სთავაზეობენ. ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა იმართება, რომელთა მიმდინარეობაშიც ორადორი მოსწავლე მონდომებითა და ხალისით ერთვება. 

ამჯერად, მათ სკოლიდან შემოდგომა გააცილეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს, წარადგინეს კედლის გაზეთიც და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს. 

აქტივობები პროექტ - „ჩვენ და გარემო“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სკოლა გასული სასწავლო წლიდან ახორციელებს.

„სკოლაში ორი მოსწავლეა: და- ძმა ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები. სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად, ბავშვებს დროის შესაბამისი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც თემთან, ისე სასკოლო საზოგადოებასთან, ვსწავლობთ ტრადიციებს და ვასწავლით წინაპართა ხსოვნის პატივისცემას. ამ მიზნით შევისწავლეთ თემში გავრცელებული შემოდგომის გაცილებასთან დაკავშირებული საწესჩვეულებო რიტუალი, რომელიც სრულდებოდა საშემოდგომო საქმიანობის დასრულებისა და ზამთრისათვის მზაობის აღსანიშნავად, კერძოდ,  22 ნოემბერს, შემოდგომის გიორგობის წინა საღამოს ქალები, რომელთაც აუცილებლად ახლადმოქსოვილი წინდები უნდა სცმოდათ, იკრიბებოდნენ, აბამდნენ ფერხულს, აწყობდნენ ღამისთევასა და მხიარულობდნენ. ეს რიტუალი ტრადიციად ვაქციეთ სკოლაში. ვიწვევთ სასკოლო საზოგადოებისა და თემის უხუცეს ადამიანებს, ვადუღებთ ფელამუშს, მზადდება ჩურჩხელები, ასე რომ დროის შესაბამისად ვაცოცხლებთ რიტუალს.

წელსაც გულმოდგინედ მოვემზადეთ ამ დღისათვის. მოსწავლეები თავისებურად მომზადებული დახვდნენ სტუმრებს, დაამზადეს მოსაწვევები, გააფორმეს საკლასო ოთახი, გამოფინეს შემოდგომის თემაზე შესრულებული თავიანთი ნახატები (მასწავლებელი: ლენა გოგსაძე), დაამზადეს სასკოლო ცხოვრების ამსახველი კედლის გაზეთი - „ჩვენი სკოლის ცხოვრება“(ხელმძღვანელი- ეკატერინე ჭიჭინაძე); მოამზადეს  იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 110  წლისთავისადმი მიძღვნილი ცხოვრებასა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების პრეზენტაცია (მასწავლებლები: ირმა მაცაბერიძე, ლალი ბიბილაშვილი); ლიზი გოგსაძემ ბუნებისმეტყველების მასწავლებლ ლალი ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით, შეისწავლა რა ჩვენს თემში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები, დაამზადა ბუკლეტები მობრძანებულ სტუმრებისათვის, წაიკითხეს ლექსები, გააწყვეს შემოდგომის ნობათით სუფრა, მასწავლებლების მიერ მომზადებულ ფელამუშში ამოავლეს ჩურჩხელები, შემდეგ სტუმრებთან ერთად დააგემოვნეს შემოდგომის ნუგბარი, სტუმრებმა კი მოსწავლეთა სიმრავლე უსურვეს სკოლას. ასე ლამაზად გავაცილეთ შემოდგომა ველევის საჯარო სკოლაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მ/შ კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე-გოგსაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203