„კიდევ ერთი ლამაზი, წითელ-ყვითელ ფერებით აჭრელებული ფურცელი გადაიშალა სკოლის ცხოვრებაში“ - ერკეთის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მას მშობლები, თემის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, თემის გამგეობა და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და წარმოდგენები გამართეს. გარდა ამისა, მოეწყო ნახატების გამოფენაც. ბოლოს პატარებმა სიხარულით დააგემოვნეს შემოდგომის ნობათი.
„კიდევ ერთი ლამაზი, წითელ-ყვითელ ფერებით აჭრელებული ფურცელი გადაიშალა ერკეთის საჯარო სკოლის ცხოვრებაში.
ისმოდა გურული „ჰაგიდელა“, ჩამოკრიფეს თხმელიდან ადესა, ამოავლეს „ჯანჯუხა“, ამოზილეს ქოთანში ლობიო. ყველა ხილი და ბოსტნეული ისეთ სურნელს აფრქვევდა, გეგონებოდათ შემოდგომამ მთელი თავისი ავლადიდებით სავსე კალთა ჩვენი სკოლის ეზოში დაიბერტყაო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: