
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, უსაყვარლესი მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება საინტერესო გახადოს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კი სწავლა შეაყვაროს.
ამის დასტურია დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლის, ვერა ჩომარიანის მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც ასო-ბგერა „ა“-ს მიუძღვნა.
„31-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელმა, ამჯერადაც მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობის საფუძველზე, შეძლო საკლასო ოთახის ლამაზად მორთვა, რითაც სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა უსაყვარლეს მოსწავლეებს. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, პირველკლასელებმა გამოავლინეს საკუთრი ცოდნა, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს...
მათ ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი როლურ თამაშებშიც და ამჯერადაც დავრწმუნდით, თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები დადებითად მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც etaloni.ge-ს დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის წარმომადგენლობამ მიაწოდა.