„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში პოზიტიური სამუშაო გარემოა“-სათხის საჯარო სკოლის პედაგოგი ბეღექ მანასიანი
04-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგ ბეღექ მანასიანისთვის მასწავლებლის პროფესია სიბრძნესთან და მოთმინებასთან ასოცირდება.

კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ბეღექ მანასიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.


- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ცხოვრების დანიშნულება, მისი აზრი და მიზანი სწორედ ამქვეყნად სიყვარულის სავსებითი განხორციელებაა. და თუ ეს ასეა, მაშ, ადამიანის ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. ამ შემთხვევაში მთელი ჩვენი ყოფნა-არსებობა სიყვარულის ან ერთობის და სოლიდარობის თანმიმდევარი განვითარების პირდაპირი გამოხატულებაა.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია სიბრძნისა და მოთმინების, პროფესიული უნარებისა და ადამიანური ორიგინალურობის მარადიული გამოცდაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ურთიერთპატივისცემა, ერთობა და მეგობრობა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- საუკეთესო გზა შენ იცი.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- განსხვავებული მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების ერთდროულად გათვალისწინება.

- მოტივაციას მაძლევს...

- თითოეული მოსწავლის სახე: მიმნდობი, სკეპტიკური, ნერვიული თუ მომღიმარი, ყოველთვის მაძლევს მოტივს იმისა, რომ სამუდამოდ ვემსახურო მათ და დავეხმარო განათლების მიღებაში.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- პოზიტიური სამუშაო გარემოა, რომელსაც დადებითი და კარგი შედეგი აქვს, არამარტო სწავლების მიმართულებაში, არამედ ადამიანურ ურთიერთობებშიც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203