წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 142-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქრისტინე მიკიტიჩიანი და პროექტ ,,პატრიოტი დიასპორელის“ ეგიდით საზღვარგარეთიდან ჩამოსული თევდორე მაისურაძე და ლილე მაისურაძე ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 142-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ლიტერატურული სპექტაკლი - „დიდი ქართველი“, მწერლის სახლ-მუზეუმში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა.
მასში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელები და წყალტუბოს სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის შემოქმედება და პერსონაჟთა შთამბეჭდავი სახეების შექმნით ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციეს. „იყიდება, მოუარეთ, აღსდგება“ - ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ინსცენირებულ სიუჟეტებსა და ღონისძიებას.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს იდეის ავტორებს და ორგანიზატორებს, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ხურციასა და ლიტერატურული სპექტაკლის სცენარის ავტორს, ოქროპირ სვანაძეს, ასევე, თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს თავიანთი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
იხილეთ ფოტოები: