„ბავშვებთან მუშაობა საკმაო გამოცდილებას მოითხოვს, აუცილებლად უნდა გვესმოდეს მათი“ - მარინა ცინცაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორთან, მარინა ცინცაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა.

- ხშირად მიყვარს ამ ფრაზის გამოყენება - „კეთილი გულით მიძღვნილი, მცირედიც შეიწირების“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პროფესიის დაუფლებას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება; სწორად თუ ავირჩევთ პროფესიას უფრო რეალიზებული ვიქნებით და საყვარელი საქმე წარმატებებს მოგვიტანს. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ბავშვობიდანვე მიტაცებდა პედაგოგის პროფესია. არჩევაში ნამდვილად ჩემმა პედაგოგებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ბავშვებთან მუშაობა საკმაო გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს მათი და შეგვეძლოს ბავშვის აღიარება, დაფასება, წახალისება და მათთან კომუნიკაცია კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- როცა დამწყები მასწავლებელი გავხდი და პირველად უნდა შევსულიყავი გაკვეთილზე, კოლეგამ მითხრა - „როგორადაც წარიმართება პირველი გაკვეთილი, ისეთივე იქნება შემდგომიც“, - ამიტომ მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი სრულყოფილი ყოფილიყო ჩემი გაკვეთილი, რადგანაც ამაზე იქნებოდა დამოკიდებული ურთიერთობა ბავშვებთან, რაც განსაზღვრავდა სწავლა-სწავლების შემდგომ პროცესს.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სიახლეების დანერგვა

- მოტივაციას მაძლევს, როცა...

- ჩემი მოსწავლეები წარმატებულები არიან.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველაფერი წესრიგშია.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203