„მასწავლებლებს პიროვნული თვისებებიც გამორჩეული უნდა გვქონდეს“-ეკა ჩაბაიძე, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორთან, ეკა ჩაბაიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ჩემი საყვარელი ფრაზა, ილიას სიტყვებია - „სჯობს იყო შენს თავში დარწმუნებული, გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯი და თუნდაც დამარცხდე და შეცდომა დაუშვა. ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს, ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენს მიერ დაშვებული შეცდომები“.

- რას  ნიშნავს   თქვენთვის  პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის დიდ პასუხისმგემლობასთან ასოცირდება. ჩვენ ხომ ახალი თაობის აღზრდა  გვაბარია, მასწავლებლებს პიროვნული თვისებებიც გამორჩეული უნდა გვქონდეს. ვიყოთ ობიექტურები, პუნქტუალურები და გვიყვარდეს ჩვენი აღსაზრდელები.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს, შეძლოს მათი პრობლემების გულთან ახლოს მიტანა და ეფექტური რჩევის მიცემა, თანადგომის გამოხატვა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ყოველთვის მახსოვს ჩემი მასწავლებლის რჩევა, რომელსაც მუდამ ვითვალისწინებ - „გიყვარდეს მოსწავლეები, იყავი ობიექტური, თუ საჭირო იქნება ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს შენი მოსწავლისათვის“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება, როდესაც ხელს გიშლის რიგი ფაქტორები, როგორიცაა: ტექნიკის გაუმართაობა, ინტერნეტის დაბალი სიხშირე, დამატებითი შემეცნებითი წრეების არ არსებობა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრულ, თანამშრომლობით და კეთილგანწყობილ  დამოკიდებულებას, რომ ვხედავ.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- წარმატებული მოსწავლეები გვყავს და გაღიმებული ბავშვების სახეებს ვხედავ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203