„ჩემთვის პედაგოგი არის შემოქმედი“- ვიოლა აკობიძე, ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია ?- ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის მშობელი.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემთვის პედაგოგი არის შემოქმედი - „ქვეყნად არც ერთი გმირი არ იყო მასწავლებელი რომ არ ყოლოდა“.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ყოველდღიური შეხვედრა, როცა იცი მათი ყოფითი ცხოვრება, სიხარული თუ სევდა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- მახსოვს, როცა, დიდი ხნის წინ, პირველად შევაღე სკოლის კარი, აწ გარდაცვლილმა ქალბატონმა ქეთევან ყუფარაძემ მითხრა: შვილო, პირველ რიგში, უნდა უყვარდე ბავშვებს და შემდეგ შეაყვარო საგანი ... მეც ამ რჩევით მოვდივარ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- როცა არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობა იმისა, რომ სკოლა იყოს წარმატებული და სანიმუშო.

- მოტივაციას მაძლევს...

- ის, რომ ყოველი დღის ბოლოს ვხედავ მოსწავლეების გაცისკროვნებულ და ინტერესით სავსე თვალებს, მათ დაინტერესებას ყოველი ახალი პროექტის და აქტივობების მიმართ. აქედან გამომდინარე, არაჩვეულებრივ შედეგსაც დებენ.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში..

- სუფევს სწავლებაზე ორიენტირებული, მაღალი სტანდარტებით, შინაარსით დატვირთული და თბილი გარემო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203