იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
27-10-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

„საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ნაადრევი ქორწინების, მისი ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე, ბულინგის, ორგანიზებული დანაშაულის და ძალადობის სხვადასხვა ფორმის თაობაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესები განუმარტეს, ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203