ბუკისციხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო ღია გაკვეთილით დაიწყეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას კლასში ღია გაკვეთილი მიეძღვნა. მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში გავლილი მასალა შეაჯამეს და ლექსები წაიკითხეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას'' ხელში პირველად აიღებს. აიღებს, გაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად დაინახავს... სწორედ ამ საოცარ მოვლენას მიეძღვნა ღია გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელიც ამაღლებული განწყობით, პატარების აციმციმებული თვალებითა და გაცისკროვნებული სახით უჩვეულო და საზეიმო განწყობას ქმნიდა.
პატარები ლექსებით მიესათუთნენ ათასჯერ ნაფერებ ქართულ ანბანს. შესაშური იყო მათი სიყოჩაღე და თავის გამოჩენის სურვილი, რათა „ცოდნის სკივრიდან“ რაც შეიძლება მალე სწვეოდათ ქართული ანბანი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.