ნენიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ლიზი მიქელაძე წერის ტექნიკის ტრენინგ-სემინარის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდა
12-10-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-12 კლასის მოსწავლემ, ლიზი მიქელაძემ ასახელა. მოსწავლე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის, „ლიტერატურული ჰაბის“ აქტიური მონაწილე გახლდათ; ლიზი ასევე ლიტერატურულ მასტერკლასებს ესწრებოდა და წერის ტექნიკის ტრენინგ-სემინარები წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა.
ასევე „ლიტერატურული ჰაბის“ ფარგლებში წიგნის - „ხმა“ პრეზენტაცია გაიმართა. წელს პირველად, პროზისა და პოეზიის მოყვარულთათვის შეიქმნა ლიტერატურული ჰაბი, რომელმაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 90-მდე ახალგაზრდა დამწყები მწერალი და პროზაიკოსი გააერთიანა.
აღნიშნულის აქტიური მონაწილე ლიზი მიქელაძე იყო და გამარჯვებულთა ათეულში დამსახურებულად მოხვდა.
სკოლა ულოცავს ლიზის ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.