„ანბანის შემობრძანება“ - პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი ტობანიერის საჯარო სკოლაში
11-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლანა გოგოლაძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

პედაგოგმა, ბავშვებისთვის საზეიმო გაკვეთილზე - „ანბანის შემობრძანება“ ბავშვებს დედაენა ემოციურად დაუხასიათა და ქართული ასოების შესახებ საინტერესოდ მოუთხრო.

პირველი ასოების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მოსწავლეზე.

„დედაენა უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, ის არის ბუნების გამოღვიძების მახარობელი, იასავით სპეტაკია მასში ამოკითხული თითოეული სიტყვა“, - ასეთი გამონათქვამებით გააცნო პირველი კლასის პედაგოგმა, ლანა გოგოლაძემ, თავის მოსწავლეებს პირველი წიგნი.

სკოლის დირექცია პედაგოგსა და მოსწავლეებს სწავლის გზაზე წარმატებებს უსურვებს:

„პატარა ციმციმა ვარსკვლავებმა ხატოვნად წაიკითხეს ლექსები „აი ია“- ზე, უპასუხეს სახალისო ამოცანებს „ი და ა“ ასოების ამოცნობაზე, გააფერადეს „ია“ ყვავილი შესაბამისი ფერებით. გაკვეთილს საოცარი ელფერი შესძინა შესაბამისმა ელექტრონულმა რესურსმა. პატარების მიერ ფაქიზად გაფერადებულ იებს ნამდვილად ეტყობოდა: სინაზეც, სილამაზეც, სიმორცხვეც და სილურჯეც - ასეთები იყვნენ ჩვენი პატარები თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე.

დიდი მადლობა მასწავლებელს და თითოეულ მათგანს, ძალიან ლამაზი დღის ჩუქებისთვის!“, - ვკითხულობთ წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203