ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს გამოფენა მიეძღვნა
10-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ხათუნა ხოხიაშვილმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნათია ამბროლაძემ მასწავლებლის დღის აღსანიშნავად ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს.
„ეს იყო მოკრძალებული, მაგრამ არაჩვეულებრივი გამოფენა: ნაქარგები, ნახატები, ნაქსოვი თოჯინები... რა შთაგონებამ და რა შემოქმედებითობამ შექმნა ეს სილამაზე ამ თავბრუდამხვევ სასკოლო ცხოვრებასთან ერთად?! უდაოა- გამორჩეულია მასწავლებლის პროფესია და გამორჩეული ადამიანები არიან მასწავლებლები! ყველას გილოცავთ მასწავლებლის დღეს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.