შემოქმედის საჯარო სკოლის 5-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური 10-ქულაზე დაამთავრა
28-07-2022

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს სიღრმისეული და ხარისხიანი განათლება მისცეს. სწორედ ამის შედეგია, რომ IX კლასის 15 მოსწავლიდან ხუთმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა და პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერის მიღების კანდიდატები არიან.

„2021-2022 წელს შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პანდემიის გამო თავდაპირველად დისტანციურად, ხოლო 4 ოქტომბერს სასკოლო გარემოში დაიწყო და საკმაოდ დაძაბული და სტრესული იყო: მოსწავლეები და მასწავლებლები ხშირად და განმეორებით ავადდებოდნენ კოვიდით; იყო წერტილოვანი შეზღუდვები; ზოგიერთი კლასისა და მოსწავლისათვის სწავლა პერიოდულად ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის საზოგადოება ცდილობდა, გამკლავებოდა სირთულეებს და შეესრულებინა ვალდებულებები.  

პასუხისმგებლობის გააზრებისა და განათლების სურვილის შედეგია, რომ IX კლასის 15 მოსწავლიდან ხუთმა წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) და შეფასება „10“ აქვს ყველა საგანში.

ესენი გახლავთ ბაია ბურჭულაძე, საბა გიგიბერიძე, ლადო ზოიძე, გურამ ონიანი, ნინი ჩიტაიშვილი. ამ შედეგებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს.  

IX კლასის მოსწავლეები (ხელ-ლი სოფო ინგოროყვა) გამორჩეულად აქტიურები არიან და ყველა სასკოლო პროექტსა თუ კლასგარეშე აქტივობებში ენთუზიაზმით ერთვებიან. წარმატებებსა და ახალ მიღწევებს ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203