„ვინც იყო, იგი რომ არა...“ - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
17-06-2022

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის - „ვინც იყო, იგი რომ არა...“ ფარგლებში,  ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს გმირებს, რომელთა სახელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.

„არ იყო ძნელი ბავშვებთან მუშაობა პატრიოტულ თემაზე. მათ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით მიიღეს და განახორციელეს პროექტი, რადგანაც ყველა ქართველს გენეტიკურ კოდად დაჰყვება სამშობლოს სიყვარული.

თითოეულმა მოსწავლემ გულთან ახლოს მიიტანა და ჩვენც გაგვხადა თანაზიარი იმ სულისკვეთებისა, რასაც ამ პროექტზე მუშაობისას გრძნობდნენ. ერთმანეთს ენაცვლებოდა კლასიკოსი თუ თანამედროვე პოეტების ლექსები ჩვენს დიდებულ წინაპრებსა თუ გმირებზე.

იყო სიმღერა, იყო ლექსი და ვიყავით ჩვენ...  ჩვენ და  ჩვენი ნატანჯი, უამრავი  გმირის და დიდებული ადამიანის მშობელი სამშობლო.

მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს მაყურებელს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში საკუთარი ძალისხმევით შექმნილი ხელნაწერი წიგნი, რომელიც შინდისის გმირებს მიუძღვნეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203