„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას“- აფხაზეთის N5 საჯარო სკოლ​ის დირექტორი ნატო ბენდელიანი
08-06-2022
საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს აფხაზეთის N5 საჯარო სკოლ​ის დირექტორის, ნატო ბენდელიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- მეორე ოჯახი, ოჯახში ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, ასევეა სკოლაც.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ვხედავ, რომ ჩემს გაწეულ შრომასა და ღვაწლს აქვს შედეგი, რომელსაც ხედავენ ადამიანები და აფასებენ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- სევდის მომგვრელია, რადგან ჩვენ შორის ურთიერთობები სიყვარულსა და ურთიერთგაგებაზეა აგებული, ამავე დროს გული სიამაყით მევსება, როცა ვხედავ, რომ კიდევ ერთ თაობას ვაცილებ, რომელთა ჩამოყალიბებაშიც მიმიძღვის თუნდაც მცირეოდენი წვლილი.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- სკოლისა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო რეფორმა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით, რომ გადაწყდა სკოლის შენობა გადმოვიდეს ჩვენს საკუთრებაში და საშუალება მოგვეცემა შემდგომი წლები გარემონტებულ შენობაში დავიწყოთ, ახალი სტანდარტების შესაბამისად.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას, რადგან მარტო მატერიალური უზრუნველყოფა საკმარისი არ არის, უმნიშვნელოვანესია სულიერი საზრდო. აუცილებელია, ვაშენოთ ხიდები და არა კედლები. ეს ჩემი მთავარი რჩევაა.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- კმაყოფილი ვარ შედეგებით, მყავს 3 ოქროსმედალოსანი და ორი ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებული და მიუხედავად რთული პანდემიური მდგომარეობისა, მოვახერხეთ, სრულად აგვეთვისებინა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203