„ვამაყობთ, რომ ვცხოვრობთ საქართველოში“-​ სათხის საჯარო სკოლაში ქვეყნის ეროვნული დღესასწაულები საინტერესოდ აღნიშნეს
31-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეები. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასაწყისში მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციისა და ვიდეომასალის საშუალებით დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. ასევე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს .მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა მიერ დოლზე შესრულებული ნომერი. ღონისძიების ბოლოს კი კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სკოლის დირექციამ გამარჯვებულები გამოავლინა და სამახსოვრო სიგელები გადასცა.

ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულს -საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კი მრავალფეროვანი აქტივობებით მე-4 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა პატრიოტული ლექსები წაიკითხეს, პოსტერები მოამზადეს, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვცხოვრობთ საქართველოში და საქართველოს მოქალაქეები ვართ“, - აღნიშნავენ მოსწავლეები. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები: შუშანიკ არუტიუნიანი და ანჟელა ბაღოიანი, ასევე მე-4 კლასის დამრიგებელი: კატია ჩახოიანი.

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203