„ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს...“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეები უსაყვარელს პედაგოგებს დაემშვიდობნენ, იყო თეთრ პერანგებზე დაწერილი კეთილი სურვილები და რა თქმა უნდა ემოციების ზღვა, რასაც სევდანარაევი სიხარულის ცრემლები უფრო ამძაფრებდა. ამ დღეს მე-12 კლასელები მშობლიურმა სკოლამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა, დირექტორმა კი - მთავრისა ახვლედიანმა კურსდამთავრებულებს სიტყვკით მიმართა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო: ანა, ლუკა, ნიკო, მაკა, საბა, ირაკლი, გვანცა - გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა თქვენს თანატოლს! თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!
ხვალიდან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, წინ ბობოქარი სტუდენტური ხანა და სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა გელით. მჯერა, კვლავაც ასეთივე ზნეკეთილი დარჩებით, დაბრკოლებებსაც გადალახავთ და წარმატებულებიც იქნებით, მამულს ერთგულად ემსახურებით. ამაში კი, ოჯახთან ერთად, თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება!
ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, ეხაროთ თქვენით მუდამ! ყველანი მიყვარხართ და მეიმედებით! გზა დაგელოცოთ!
„ცხოვრების მიზნად სიკეთე გქონდეს
და სიყვარული -- მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუკი გსურს დარჩე ადამიანად“!