უდაბნოს საჯარო სკოლა საქართველოს უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდების კონტიგენტი ჰყავს.
სკოლის მოსწავლეების მიღწევებზე, წარმატებებსა და პრობლემებზე Etaloni.ge უდაბნოს საჯარო სკოლის წარმომადგენელს ესაუბრა.
- მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენს სკოლაზე და წარმატებულ მოსწავლეებზე
- უდაბნოს საჯარო სკოლა საგარეჯოს რაიონში მდებარეობს. ამჟამად, სკოლის დირექტორი გახლავთ მარიამ გელაშვილი. სკოლაში საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები სწავლობენ, განსაკუთრებით გამოირჩევიან ლევან გუჯეჯიანი, ნიკა თოდუა, გულიკო მარტიაშვილი, ქეთევან გვარლიანი, ანა გირგვლიანი, ნატალი კორძაია, ანა მიხელიძე, ნინო ნავერიანი, ლევან ხარძიანი, გური ხარძიანი, სოფიკო იოსელიანი, ელენეარღვლიანი, ნინი თოდუა, რომლებიც ცეკვისა და სიმღერის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი.
ჩვენი მოსწავლეები გამოდიან ასევე სხვადასხვა ოლიმპიადაზე და უკვე მერამდენედ ასახელებენ ჩვენს სკოლას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლიდან არიან საგარეჯოს 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლების „ეტალონი მოსწავლეები“ ლევან გუჯეჯიანი და ტატო ჩართოლანი.
- როგორც ვიცი, თქვენი სკოლა სპორტული მიღწევებითაც გამოირჩევა
- დიახ, უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები აქვთ ძიუდოში. გოგონები და ბიჭები საქართველოს ჩემპოიონატის მრავალგზის პრიზიორები არიან. განსაკუთრებით გამოირჩევიან ნინო გულბანი, იაგო გულბანი, მახარე გულბანი, გიორგი არღვლიანი, ცოტნე იოსელიანი, გიორგი ხერგიანი, დათო მეშველიანი, ნიკა ხაჭვანი.
- ეს წარმატებები, ალბათ, მასწავლებლის დამსახურებაა...
- დიახ, სპორტის მასწავლებელი გაიოზ ჩართოლანი ათეული წლებია ჩვენს სკოლაში სპორტის სწავლებას ემსახურება და საკმაოდ შთამბეჭდავი სპორტული წარსულითაც გამოირჩევა. ის ჩვენი სკოლის უხუცესი და წარმატებული მასწავლებელია.
- რას ეტყოდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს?
- ყოველი დღე სკოლისთვის განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანი გვაახლოვებს უკეთეს ინფრასტრუქტურულ გარემოსთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძალებით მაინც არ შეგვიძლია რაღაც საკითხების მოგვარება. მაგალითად, სპორტდარბაზი, მოედანი, ბუფეტი გასარემონტებელია. სკოლამდე გზა ნორმალურია, მაგრამ სკოლის ინფრასტრუქტურა მისახედია. მეტი ყურადღება სოფლის სკოლებს - ეს იქნება ჩვენი გზავნილი.
იხილეთ ფოტოები