ჟურნალში „სკოლის მართვა“ რუსთავის N4 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორის სტატია გამოქვეყნდა
16-03-2018
ჟურნალში „სკოლის მართვა“ ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის შესახებ სტატია დაიბეჭდა. 

ჟურნალის ერთ-ერთ რუბრიკაში „წარმატებული დირექტორი“ სკოლის დირექტორის მამუკა ხამხაძის სტატია „ცვლილებების მართვა“ გამოქვეყნდა.  

სტატიაში საუბარია განვითარების როგორი გზა აირჩია და გაიარა რუსთავის მე-4 სკოლამ ბოლო ათწლეულში, რა ღონისძიებები განახორციელა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სასწავლო პროცესის მოდერნიზებისთვის და რა შედეგებს მიღწია. 

კერძოდ, რა ამოცანები დაისახა რუსთავის სკოლამ და რა გაკეთდა მასწავლებლების დამოკიდებულებების შესაცვლელად, როგორ აუწყო ფეხი ახალ გამოწვევებს, როგორ განსაზღვრა საფეხურების მიხედვით რა უნდა ასწავლოს მოსწავლეებს  და როგორ უნდა შეამოწმოს ის, რაც ასწავლა. 

„წარმატებული სკოლისთვის საჭიროა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი: უპირველესად ეფექტური მასწავლებლები და მათი პროფესიული განვითარება, რადგან სკოლაში სწორედ მასწავლებელია შეუცვლელი რესურსი მოსწავლესთან შედეგის მისაღწევად. მეორეც, მნიშვნელოვანია პედაგოგთა ურთიერთშეთანხმებული მუშაობა, რადგან მხოლოდ კოორდინირებული სწავლება და გუნდური პასუხისმგებლობა გამოიყვანს სკოლას კრიზისიდან. გარდა ამისა, საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა და ბოლოს - ცოტაოდენი ფინანასებიც“, - ნათქვამია სტატიაში. 

მამუკა ხამხაძე იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალი „სკოლის მართვა“ გახდება ის ფორმატი, სადაც სკოლის ადმინისტრატორები ასახავენ ქართული სკოლის სინამდვილეს, სისტემის პრობლემატიკას და გამოწვევების დაძლევის ორიგინალურ ხედვებს.  

"ჟურნალი საშუალებას აძლევს სკოლებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ განათლების სისტემის პოზიტიური მხარეები, რითაც გარკვეულწილად მოხდება სკოლის ირგვლივ არსებული ნეგატიური ფსიქო-ემოციური ჯაჭვის გარღვევა", - მიაჩნია სკოლის დირექტორს.

ჟურნალის - „სკოლის მართვა“ პრეზენტაცია 15 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.  

ჟურნალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით გამოიცა.  

ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან.   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203