ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ელისო ჯანელიძემ ინტეგრირებული გაკვეთილი კოლეგის ხსოვნას მიუძღვნა
04-05-2022

დავით კლდიაშვილის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ, მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ამის დასტურია ელისო ჯანელიძის მიერ ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი მე-3 კლასის მოსწავლეებთან; აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ტარიელ აბულაძის ხსოვნას მიეძღვნა:

„პედაგოგმა ელისო ჯანელიძემ, საინტერესო ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ჩაატარდა მე-3 კლასში. საგნები გახლდათ: ქართული, მათემატიკა და ფიზიკური აღზრდა, ხოლო თემა:- საინფორმაციო ტექსტები - შაში და ჭადრაკი. გაკვეთილი მიეძღვნა ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, ტარიელ აბულაძის ხსოვნას. მოსწავლეებმა ნახეს ვიდომასალა, მოისმინეს ტარიელ მასწავლებლის ბიოგრაფია. მოუსმინეს სკოლის დირექტორის, ბატონ გიორგი ქასრაშვილის ნაამბობს ყოფილ მასწავლებელსა და კოლეგაზე. მესამეკლასელებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე საინფორმაციო ტექსტებიდან ამოკრიბეს ინფორმაცია შაშისა და ჭადრაკის შესახებ, ვენის დიაგრამის სახით იპოვეს მსგავსება და განსხვავება შაშსა და ჭადრაკს შორის, ამოხსნეს მათემატიკური ამოცანა ჭადრაკის ლეგენდის მიხედვით, შეადგინეს პიქტოგრამა, შეავსეს სქემები;

ბავშებმა ასევე წარმოადგინეს შაშის შექმნის შესახებ ბერძნული მითის საკუთარი ვერსია. ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე სპორტდარბაზში მოისმინეს ტარიელ აბულაძის შვილიშვილის, მიხეილ ბაზაძის მიერ მომზადებული პრეზენტაცია თემაზე - „მაგიდის ჩოგბურთი“. შეასრულეს მხიარული და საზრიანი მოძრავი თამაშები. აღსანიშნავია რომ ბურთით მოძრაობებზე დაკვირვებით პედაგოგ ელისო ჯანელიძემ შეიმუშავა წესები, რომლითაც სამი ახალი სახეობის თამაში გამოვიდა. მესამეკლასელები სიმბოლურად სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა ტარიელ აბულაძის შვილიშვილმა, თათია ბაზაძემ. გაკვეთილის დასასრულს კი პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ - საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილებისათვის და ყოფილი პედაგოგის გახსენებისათვის. წარმატებები უსურვა მათ სწავლასა და ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203