წიფის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა დედაენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათი ნამუშევრებით დამთვალიერებელი მოიხიბლა.
სკოლა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს წარმატებას უსურვებს.
„განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კომიქსებით გაფორმებულმა მოთხრობებმა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ნიჭიერ, შრომისმოყვარე, მაღალი დონის შემოქმედ პედაგოგს, თავის არაჩვეულებრივ მოსწავლეებთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: