ოჟიოს საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც, III-V კლასებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია მოეწყო. აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ჟანა ახალკაციშვილი იყო.
„ო,ენავ ჩვენო“- ეს ღონისძიება კი X კლასში, პედაგოგ ნუნუ მაკაროვის თაოსნობით წარიმართა.
ქართული ენის დღე IX და VII კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს. მათ ქართული ენის წარმოშობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საინტერესო მოხსენებები წარადგინეს. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი თამარ ჯაჯანიძე იყო.
გარდა ამისა, კალიგრაფიის კონკურსიც გაიმართა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლიზი დაბრუნდაშვილმა და მარიამ სეხნიაიძემ გაიმარჯვეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.