„გეომეტრია და ქართული ასომთავრული ანბანი“ - თელავის N5 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე მათემატიკის გაკვეთილზე აღნიშნეს
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-6 კლასში დედაენის დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ერთმანეთს გეომეტრია და ქართული ასომთავრული ანბანი დაუკავშირეს, მათ ასოები გამოწერეს და დამწერლობის ამ სახეობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გაკვეთილს მათემატიკის მასწავლებელი ნინო ვაყელიშვილი უძღვებოდა.
„დედა ენის დღე. მათემატიკის გაკვეთილი. გეომეტრია და ქართული ასომთავრული ანბანი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: