ხაიშის საჯარო სკოლაში დედაენის დღე სანახაობრივი და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
21-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. ქართული ენის მასწავლებელმა თამარ ჩანქსელიანმა კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარა, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, ისინი სამახსოვრო სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ. XI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედა ენის დღის აღნიშვნის ისტორია პრეზენტაციიის სახით წარუდგინეს. მოსწავლეების ნაწილმა სკოლის ეზო მოხატა. 

ღონისძიებაზე სიტვით სკოლის დირექტორი მანანა კვიციანი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები თამარ ჩანქსელიანი და ნატო დავითიანი გამოვიდნენ. მათ დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

სკოლაში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა უკრაინაში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიან მოქალაქეების, ბავშვების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ჰიმნის შემდეგ კი უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი გაისმა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„გამომსვლელებმა აღნიშნეს ერის ისტორიაში თუ რა დიდი როლი ენიჭება ენას, დედა ენას,სად წარმოიშვა და რა გავლენები განიცადა ქართულმა ენამ დღევანდელობამდე, მის ავთენტურობის შენარჩუნებაზე და როლზე ქართველი ადამიანის ცხოვრებაში. 
ყველას გილოცავთ დედა ენის დღეს!
დიდება საქართველოს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203